საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო შეხვედრაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩაატარა შესანიშნავად ითამაშა და მინდორზე საუკეთესო იყო. სწორედ მის სოლო რეიდს მოჰყვა შეხვედრის ერთადერთი გოლი, რომელიც რასპადორიმ კვარას გადაცემის შემდეგ გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ქართველი შემტევი დასახელდა.
ნაპოლი შემდეგ შეხვედრას 29 ოქტომბერს მილანის წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩის წინ კი, ხვიჩას კარგ თამაშს არაერთი ცნობილი გამოცემა თუ ფეხბურთელი გამოეხმაურა, მათ შორის ჟოზე ალტაფინი, რომელმაც RADIO MARTE-სთან საუბრისას მომავალ შეხვედრაზე და კვარაზე ისაუბრა: „"მილანს კვირას უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ძალიან კარგია და გოლების გატანაც დაიწყო, ნაპოლიმ ოსიმენის გამოკლებით ძალა დაკარგა. რთული მატჩი იქნება.
კვარაცხელიას კვლავ შეუძლია განვითარება. ყველა ამბობს, რომ შეისწავლეს და იციან, როგორ უნდა შეაჩერონ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, რადგან მესის მსგავსად მას დრიბლინგი სისხლში აქვს", - აღნიშნა ალტაფინმა.
კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 11 მატჩში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა ნაპოლისა და მილანს შორის "მარადონაზე" კვირას, 23:45-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "როსონერი" 21 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, გარსიას გუნდი კი 17 ქულით მეოთხე ადგილზეა.