ფიფამ ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა წინსვლა განიცადა.
ტაილანდთან (8:0) და კვიპროსთან (4:0) გამარჯვებების შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს რეიტინგში 12.82 ქულა შეემატა, რის შედეგადაც 3 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად, 1312.14 ქულით 76-ე ადგილზეა.
ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ყველაზე კარგი რეიტინგი ესპანეთს აქვს, რომელიც მე-8 ადგილზეა. რეგრესი განიცადა შოტლანდიამ და 34-ე საფეხურზეა, ნორვეგია 42-ე პოზიციას იკავებს, ხოლო კვიპროსი (124-ე) და გიბრალტარი (198-ე) ასეულს მიღმა არიან.
ცვლილებები მოხდა მოწინავე ათეულში, სადაც ხორვატია ოთხი პოზიციით დაქვეითდა და თუ აქამდე მე-6 ადგილზე იყო, ახლა მეათეა. სამაგიეროდ, ორ-ორი პოზიციით დაწინაურდნენ პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებები. რეიტინგს ისევ ლიდერობს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა, რომელსაც კვალში საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებები უდგანან.