ისრაელი-ჰამასის ომის 21-ე დღე. ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა, გასულ ღამეს ჰამასმა ისრაელის ქალაქებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. რკინის გუმბათმა რაკეტების განეიტრალება შეძლო. გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში. პარალელურად, ისრაელი ღაზაში ჰამასის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ღაზაში შექმნილი რთული ვითარების გამო ევროკავშირის ლიდერები ისრაელსა და ჰამასს ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებენ. გაეროს მაღალჩინოსანი მარტინ გრიფიტსი ამბობს, რომ ღაზაში დახმარება რთულად შედის, საწვავის მარაგები კი თითქმის ამოწურულია. პარალელურად ათობით ისრაელელი ჰამასის ტყვეობაში რჩება. ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 50-მდე მძევალი დაიღუპა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმებს 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ღაზაზე ისრაელის საპასუხო საჰაერო თავდასხმების დაწყების შემდეგ 7000 ადამიანი დაიღუპა.