თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეოთხე ფორუმი გრძელდება. დღევანდელი დღის დისკუსიის მთავარი თემა პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები იქნება. პანელური დისკუსიები და ორმხრივი შეხვედრები ფორუმის მეორე დღესაც შედგება. ფორუმს მისასალმებელი სიტყვით დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის. პრემიერ-მინისტრმა ფორუმის პირველ დღეს აქცენტი საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, შუა დერეფნის რკინიგზის მოდერნიზაცია და საერთაშორისო აეროპორტების ახალი პროექტები - ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს შორისაა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სავაჭრო ეკონომიკურ კავშირზე ჩინეთთან. პრემიერის განცხადებით, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება წარმოადგენს საქართველოს მმართველობის ქვაკუთხედს. შესაბამისად, ამ ღირებულებებისადმი ხელისუფლების მტკიცე ერთგულება, მრავალ პრესტიჟულ რეიტინგში აისახება.