ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ, -ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა.
მისი განმარტებით, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა. შეგახსენებთ, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გასულ კვირაში ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე 19-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 21 ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა.