საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე, აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად, უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოდ ყოფნა შეძლო.
„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და ასევე, დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც.
ჩემი მთავრობის, მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან - სომხეთსა და აზერბაიჯანთან ვიმუშაოთ, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. დღეს, მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას ვუმასპინძლო - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე, ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.