ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში საგოლე გადაცემით საქართველოს ნაკრების მეორე ფეხბურთელი გამოირჩა. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რომელიც გუშინწინ ნაპოლის ბერლინის უნიონთან გამარჯვებაში დაეხმარა, საგოლე გადაცემა ირაკლი აზაროვმაც შეასრულა. თანაც, დონეცკის შახტარის ქართველმა მარცხენა მცველმა ეს სტუმრად ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში გააკეთა.
შახტარის ხორვატმა დამრიგებელმა ძირითადში დააყენა ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილს კი სამწუხაროდ ეფიმ კონოპლია ამჯობინა. პირველი ოცი წუთის განმავლობაში უკრაინელები ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველიც თავის ფლანგზე დამაჯერებლად მოქმედებდა, მაგრამ ამის შემდეგ მასპინძლების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა, რომლებმაც ათწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს და მატჩის ბედი იქ გადაწყვიტეს.
რაც შეეხება ირაკლი აზაროვის თამაშს, ცნობილმა სპორტულმა პორტალმა, Whoscored-მა ქართველს, რომელსაც ბარსელონასთან საგოლე პასი და საკუთარი კარის გოლისგან გადარჩენა ჰქონდა, 7.0 ბალი დაუწერა. მასზე მაღალი შეფასება შახტარში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა - გოლის ავტორმა, სუდაკოვმა და ასევე სტეპანენკომ მიიღეს. ირაკლიმ კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ მნიშვნელოვანი პასი გააკეთა, 2 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთს 62-ჯერ შეეხო და 84.3%-იანი სიზუსტით 51 პასი შეასრულა.