სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს და დასმულ კითხვებს უხალისოდ პასუხობს. ამასთან, დასკვნაში, რომელიც სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომზადდა, აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ძილი გაუმჯობესებულია და „კოშმარულ სიზმრებს აღარ აღნიშნავს“.
დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება და ის მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.
„19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდან, იყო და არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.
19 ოქტომბერს ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, კარდიოლოგმა გიორგი კაჭარავამ და ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე და ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა.
ექიმ-ექსპერტების დასკვნა: ჩივილები/ანამნეზი - საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9g/l, ლეიკოპენია 3200. ელექტრომიოგრაფიულად კვლავ ვლინდება სენსორული აქსონური პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რამდენადმე გაღრმავებულია. იღებს სეციტას 10მგ/დღ, ტრიტიკო 150მგ/დღ, რის ფონზეც ძილი გაუმჯობესებულია, აღარ აღნიშნავს კოშმარულ სიზმრებსაც. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა.
გასინჯვის შედეგი - პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MOCA სკალით - 13 ქულა (N≥26), მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, გაცხოველებულია ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსები არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირ-თითის ტესტს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო, დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც წვივის ზემო მესამედიდან ქვემოთ.
ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.
ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 140/90, პულსი 78’, წამოდგომისას 120/80, პულსი 100’ ვერტიკალურად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 100’. ტესტი ნეგატიურად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად განვითარებული ტაქიკარდიისა.
პაციენტის წონა: 70კგ, (BMI-18.6) მხრის გარშემოწერილობა D=S 23,5სმ, triceps skinfold thickness (TSF) 0.8სმ (მხრის კუნთების ფარ¬თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(23,5-π*0.8)^2]/4π -10 = 25 (N-54±11), რაც კუნთების განლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-39სმ, S-39სმ, წვივის გარშემოწერილობა D-32, S-33, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია.
ამგვარად, სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი: კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება. პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას“.
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.