პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ ახალ, ისტორიულ სეზონს იწყებს.
2023 წელს „შავი ლომი“ გუნდი ზედიზედ ორ ევროპის საკლუბო ტურნირს ითამაშებს. 10 დღეში იწყება რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე გათამაშება, რომლის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ ‘შავი ლომი’ გახდა და წელს ტიტულის დაცვას ეცდება, რის შემდეგაც, პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთვება.
‘შავი ლომის’ განახლებულ განაცხადში 33 მორაგბეა, რომელთაგან 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. გუნდში 9 დებიუტანტია: ბაჩუკი ჭუმბაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, დემურ ეფრემიძე, ილია სპანდერაშვილი, გიორგი კვესელაძე, ლუკა ცირეკიძე, შალვა აფციაური და გიორგი ჯობავა.
შეიცვალა სუპერთასის ჩატარების პრინციპიც. ტურნირზე კვლავ 8 გუნდი ითამაშებს, თუმცა რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან
ა ჯგუფში ‘შავ ლომთან’ ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’, პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ გაერთიანდნენ.
ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ა ჯგუფის სამი მოწინავე გუნდი და ბ ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ა ჯგუფის მეოთხე ადგილოსანი და ბ ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.
წელსვე დეკემბერში, ‘შავი ლომი’ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთვება და თბილისს ევროპისა და მსოფლიოს უძლიერესი სარაგბო კლუბები ეწვევა.
ტურნირის სადებიუტო თამაშს ჩვენი გუნდი 9 დეკემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გამართავს და ინგლისის პრემიერშიფის კლუბს, ‘გლოსთერს’ დაუპირისპირდება.
მომდევნო ორი თამაში სტურად გვიწევს – 16 დეკემბერს უელსში ‘სკარლეტსთან’ და 13 იანვარს საფრანგეთში ‘კასტრთან’. ჯგუფურ ეტაპს 20 იანვარს თბილისში, ‘კლერმონთან’ რკენით ვასრულებთ. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.