პარიზში გამართულ მსოფლიო რაგბის საბჭოს სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც საერთაშორისო რაგბიში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს – ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა, Rugbyrama წერს.
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი ტურნირის, ერთა თასის დაარსება გადაწყვიტა, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი 12 ნაკრები ითამაშებს, საქართველო და ტიერ 2-ის დონის სხვა ქვეყნები კი „ჩელენჯერის“ სერიით დაკმაყოფილდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს რამდენიმე წელი, სამწუხაროდ, წამყვან სარაგბო ნაკრებებთან თამაშის საშუალება არ ექნება.
მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ახალი ტურნირი 2026 წლიდან დაიწყება და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ივლისსა და ნოემბერში ჩატარდება. ელიტურ ლიგაში ექვსი ერისა (საფრანგეთი, ირლანდია, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია) და რაგბი ჩემპიონშიპის (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) წარმომადგენლებს, მიწვეული გუნდების სტატუსით, იაპონია და ფიჯი დაემატებიან.
სიძლიერის მიხედვით მომდევნო 12 ნაკრები (საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ტონგა, სამოა, აშშ, ურუგვაი, ნამიბია, ჩილე, კანადა და ჰონგ კონგი) მონაწილეობას „ჩელენჯერის“ სერიაში მიიღებს.
თავიდან ტურნირებს შორის გავარდნა-აღზევების სისტემაც არ იმოქმედებს, ის ძალაში მხოლოდ 2030 წლიდან შევა – ელიტაში მოსახვედრად „ჩელენჯერის“ სერიაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები ერთა თასის აუტსაიდერებს დამატებით პლეი ოფში შეხვდებიან და იქ წარმატების შემთხვევაში ელიტაში ითამაშებენ.