ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება საკითხის მოგვარებაში ბოლომდეა ჩართული.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში, თუმცა საკითხი არის ურთულესი, საკითხი არის რთული. პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, სადაც ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს იმას, რომ აქ შედეგი მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც შეეხება ბებუას გათავისუფლებას, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. თუმცა საკითხი არის რთული“,- განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის საკითხს და მოსკოვის მიერ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნულს „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა.
„პირველ რიგში, ეს პროცესი დაიწყო ზუსტად 2009 წელს. ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ იმ ავანტიურისტული ნაბიჯების საფუძველზე, რომელიც გადაიდგა, მათ შორის 2008 წელს ანუ მათ დაგვიტოვეს ეს პრობლემა. რაც შეეხება კონკრეტულ ამ აქტს, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სათანადო რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს ჰონდა უკვე შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.