წელს რეადმისიის ფარგლებში ევროკავშირიდან საქართველოს 3 387 პირი გამოაბრუნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით შარშან რეადმისირებული იქნა საქართველოს 3 034 მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი - 2 202 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი და საბერძნეთი. ყველაზე ნაკლები საქართველოს მოქალაქის რეადმისიის გადაწყვეტილება კი შვედეთმა, ბელგიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებებმა გააჩინა მოლოდინი იმისა, რომ გერმანია გაზრდის საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელს, რადგან მიიღეს გადაწყვეტილბა შეამცირონ ქვეყანაში უნებართვოდ დარჩენის სტიმული. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო