მართალია ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოდან თხილის ექსპორტი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 49 მლნ დოლარის ღირებულების 10 537 ტონა თხილი და კაკალი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12 287 ტონა, დაახლოებით 57 მლნ დოლარის ღირებულების. შესაბამისად, თხილის ექსპორტი ერთი წლის განმავლობაში 13,4%-ით შემცირდა. როგორც გასულ წელს, წელსაც ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით იტალიაში გავიდა, შემდეგ მოდის გერმანია, თურქეთი, ესპანეთი, საფრანგეთი და რუსეთი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ზოგადად ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. შესაბამისად, წელს თხილის ექსპორტი მთლიან მაჩვენებელში მხოლოდ 2,2%-ს შეადგენს. არადა წლების წინ საქართველოში თხილის წარმოება და მისი საქესპორტო პოტენციალი საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურებოდა, თხილის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში სულ ცოტა ორჯერ მეტი იყო, ხოლოს საქართველო თხილის მსოფლიო ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიოდა. 2017 წელს, სოკოვანი დაავადებების გავრცელების და აზიური ფაროსანას შემოსევის შემდეგ, თხილის სექტორს განვითარების პირვანდელ ტემპებთან და მასშტაბებთან დაბრუნება უჭირს