საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში საქართველოდან 103 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. მაგალითად, გასული წლის 9 თვეში საქართველომ დაახლოებით 84 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაყიდა, 2021 წლის იმავე პერიოდში კი 15 მლნ დოლარის. ამასთან, წელს იანვარ-სექტემბერში საქართველომ ელექტროენერგია ყველაზე დიდი მოცულობით თურქეთს მიჰყიდა, რომელზეც ექსპორტის თითქმის 77% მოდის. თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა სომხეთი, შემდეგ აზერბაიჯანი და რუსეთი. სემეკ-ში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ორი გარემოებით აიხსნება, ექსპორტთან დაკავშირებული მენეჯმენტის სწორად აწყობით და უხვნალექიანი ზაფხულით.