სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან კომისიის ანგარიში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებული რეფორმების პირობებში, დიდად პოზიტიური ვერ იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წლების მანძილზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არანაირი წარმატება არ ჰქონია და ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, სამუშაოს 80 პროცენტი წინა ხელისუფლების მიერ იყო შესრულებული.
„ქართული ოცნება" არის ხელისუფლება, რომელსაც არანაირი მიღწევა არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი ის, რაზეც ხშირად აპელირებენ: უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, 80 პროცენტზე მეტი სამუშაოსი, გაკეთებული იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე. მათ რაც ვერ მოახერხეს, იყო ის, რომ საბოტაჟი ვერ მოუწყვეს წინა ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმებების გაფორმებას, ანუ მათ ხელი მოაწერეს ყველაფერს, რაც გაკეთებული იყო წინა ხელისუფლების დროს. ახლა კი ვხედავთ, რომ ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე საბოტაჟით დაკავდნენ: მიიღეს რუსული კანონი აგენტებზე, იმპიჩმენტი მოაწყვეს, ჩააგდეს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, რადგან რუსული დავალებაა, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. მიუხედავად ამ საბოტაჟისა, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, მე ამ გამარჯვებას მივულოცავ პირველ რიგში ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ მივულოცავ ასევე გამარჯვებას „ქართულ ოცნებაზე" და რუსულ ხელისუფლებაზე,"- განაცხადა სამადაშვილმა.