ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „კადისი“ 2:0 დაამარცხა.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა თავისი გუნდი სამჯერ გადაარჩინა და კარი მშრალად შეინახა. ის როგორც კარის ხაზზე, ასევე გამოსვლებზე კარგად ირჯებოდა, დაცვას უნარიანად ხელმძღვანელობდა და პირველი პასით სწრაფ კონტრიერიშებს იწყებდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, გიორგი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და უკვე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
მამარდაშვილის თამაში Flashscore-მა 7.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა - 7.8, ხოლო sofascore-მა - 8.0 ქულით შეაფასა. კლუბის საიტმა აღნიშნა, რომ ქართველი გუნდის ყველაზე დამაჯერებელი ფეხბურთელია.
მასპინძლები დებიუტში გაიამ ლამაზი გოლით დააწინაურა. სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ და 22-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ - პეპელუსთან უხეშობის გამო მსაჯმა ნავარო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. სულ მალე კი თავური დარტყმით უგო დურომ ანგარიში გაზარდა, რომელსაც ჩინებული პასი კორეამ გაუკეთა და გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. ბარახას გუნდი ინიციატივას ფლობდა. შეცვლაზე შესულ იარემჩუკს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ბოლოს "კადისმა" შეუტია, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მამარდაშვილი და "ვალენსიამ" გაიმარჯვა.
„ვალენსიამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 14 ქულით მერვე ადგილზეა და 29 ოქტომბერს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.