ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ჰამასი აცხადებს, რომ მძევლები „ჰუმანიტარული მიზეზების“ გამო გაათავისუფლეს. ამ დროისათვის ჰამასს 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს. ამავდროულად, ლიბანში არსებული ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელზე ავიაიერიშებს აგრძელებს. საპასუხოდ კი, ისრაელი „ჰეზბოლას“ სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე, მათ შორის სამხედრო პოსტსა და საგუშაგო კოშკზე, საპასუხო დარტყმები მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ იერიში ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული ჭურვების საპასუხოდ განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს 1 400-ზე მეტი ისრაელელი და 5 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.