UFC-ის სუპერმსუბუქი კატეგორიის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა საკუთარ პოდკასტში დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომდევნო ბრძოლას ჰენრი სეხუდოსთან ჩაატარებს.
დვალიშვილმა განმარტა, რომ ამერიკელი მებრძოლის შემოთავაზებას იმის გამო დათანხმდა, რომ ახლანდელი ჩემპიონი, შონ ომალი ქამრის დაცვისთვის მარლონ „ჩიტო“ ვერას შეხვდება.
როგორც დვალიშვილი აღნიშნავს, შონ ომალი ახალი ჩემპიონია და ამიტომაც UFC-იმ ქართველ მებრძოლს გაუცხადა, რომ ო’მალის იმ მეტოქეს აძლევენ, რომელიც მას სურს. დვალიშვილი ამბობს, რომ მოქმედ ჩემპიონს რეალურ კანდიდატებთან ბრძოლა არ უნდა. დვალიშვილი იმასაც ამატებს, რომ ჩიტო ვერა სატიტულო ბრძოლას ნამდვილად არ იმსახურებს.
მოცემულ პოდკასტში დვალიშვილი აცხადებს, რომ მას შეუძლია შონ ო’მალის დაელოდოს, თუმცა ეს ბრძოლა თებერვლამდე არ იქნება. სწორედ ამის გამო, ქართველმა გადაწყვიტა, რომ ჰენრი სეხუდოს გამოწვევას დათანხმებოდა. აქვე დვალიშვილი ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან რთული გამოწვევაა, რადგანაც სეხუდო წარსულში ორი წონის ჩემპიონია და ორივე წონაში ორ-ორჯერ მოიგო. ასევე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონიცაა და სტილისტურად ერთ-ერთი გამოცდილი და რთული მოწინააღმდეგეა.
აღნიშნული ბრძოლა, სავარაუდოდ, იანვარში შედგება. არც ისაა გამორიცხული, რომ დვალიშილმა და ჰენრი სეხუდომ ომალისა და ჩიტო ვერას ქარდზე იჩხუბონ, რადგან თუ საჩემპიონო ბრძოლიდან რომელიმე მოჩხუბარი ტრავმას მიიღებს, მათ სწორედ აღნიშნული ბრძოლით დააზღვევენ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში, პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა და რუსი პირწმინდად გაანადგურა. ჰენრი სეხუდომ კი თავისი ბოლო ბრძოლა მერაბის უახლოეს მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან დათმო.