იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ გასვლაზე „მილანი“ დაამარცხა. “სან სიროზე” გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მანუელ ლოკატელიმ გაიტანა.
პირველ ნახევარში „მილანმა“ რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა, განსაკუთრებით სახიფათო კი ოლივიე ჟირუს დარტყმა იყო, რომელიც ვოიცეხ შესნიმ მოიგერია. ტაიმის ბოლო მოიზე კინი მალიკ ტიაუს გაექცა, გერმანელმა იტალიელი მაისურზე მოქაჩა და ამის გამო წითელი ბარათი მიიღო. გუნდები შესვენებაზე უგოლო ფრეზე გავიდნენ.
მეორე ნახევარში უპირატესობას “იუვენტუსი“ დაეუფლა და გოლის გატანაც შეძლო. ტურინელთა რიგებში თავი მანუელ ლოკატელიმ გამოიჩინა - მან შორიდან დაარტყა და რიკოშეტის შემდეგ ბურთი 40 წლის ანტონიო მირანტეს კარის ბადეში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ლოკატელიმ ამ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში გოლი 2016 წლის ოქტომბერშიც გაიტანა, თუმცა მაშინ ის მილანის რიგებში თამაშობდა. მილანმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა.
9 ტურის შემდეგ სერია A-ს ინტერი 22 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ მილანს 21 ქულა აქვს, ხოლო მესამე 20 ქულით იუვენტუსია. მეოთხე-მეხუთე ადგილებს იტალიის მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი და ფიორენტინა 17-17 ქულით ინაწილებენ.