გლდანის “თეთრი ტბის” გადასარჩენად მოსახლეობამ აქცია-პერფორმანსი გამართა. ტბის შრობისა და დაჭაობების გასაპროტესტებლად შეკრებილმა ადამიანებმა, ტბაში სიმბოლურად თითო ბოთლი წყალი ჩაასხეს. პროტესტის მონაწილეების მტკიცებით, “თეთრი ტბა“, რომელიც გარეუბნის მეზობლად მდებარეობს, შრება, ჭაობდება და საგრძნობლად პატარავდება, ხელისუფლება კი ამ პროცესის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს. მათივე განმარტებით, ტბაში უკვე დიდი ხანია აღარავინ ბანაობს, დაჭაობებით გამოწვეული სუნი კი ხალხს სხვა მიკრორაიონებშიც აწუხებს. მოსახლეობა დედაქალაქის მთავრობას ტბის დაშრობის მიზეზების გამოიკვლევისა და მისი შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს.