იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა, პედაგოგებს და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელიც 1894 წელს დაარსდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება ჯამში 312,770 ლარია. რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლაში გარემონტდა და თანამედროვედ აღიჭურვა საკლასო ოთახები, გაკეთდა სველი წერტილები, მოეწყო სპორტული მოედნები და გარე სივრცეები. ამასთან, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
ამჟამად, სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლაში 360 მოსწავლე ირიცხება. სკოლას ჰყავს 34 პედაგოგი, აქედან 1 მენტორი და 7 წამყვანი მასწავლებელი.