წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე სვანი ვარ და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება - ეს ხუმრობით, მაგრამ დრო უკეთესად გამოაჩენს, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, როსტომ ჩხეიძის განცხადებას, სადაც მან იოსელიანი წინა სახალხო დამცველს შეადარა და თქვა, რომ ამ პოსტზე ის „გაუბედავად ირჯება“.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დროის გასვლის შემდეგ ბევრი რამ გამოჩნდება.
„ეს თქვენი მოსაზრებაა, რომელიც ჩემ შესახებ თქვით. ალბათ დრო რომ გავა, მერე გამოჩნდება კიდევ ბევრი რამ. ზოგადად, წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე ვარ სვანი და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება - ეს ხუმრობით, მაგრამ დრო უკეთესად გამოაჩენს და შესაძლოა, თქვენი წუხილი შემდგომი ანგარიშების დროს დამთავრდეს“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება როსტომ ჩხეიძის განცხადებას, დეპუტატი ფიქრობს, რომ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტზე ჯერ მოთელვის პროცესს გადის.
„ნინო ლომჯარიას ფონზე ძნელი იყო თავის გამოჩენა ამ თვეების განმავლობაში, რაც საქართველოს პარლამენტმა ეს თანამდებობა თქვენ გარგუნათ, მაგრამ შეუძლებელი არა. ისე ჩანს, რომ თქვენ ჯერაც მოთელვის პროცესს გადიხართ. თქვენი ხმა არ ისმის ისე მკვეთრად, როგორც სახალხო დამცველს მოეთხოვება, ჯერ ისედაც და მითუმეტეს, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოში, სადაც ყველა ინსტიტუცია ან დამცრობილია, ან სრულიად მოშლილი“,- განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.