საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაფორმებული მემორანდუმი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნება.
„მემორანდუმის ხელმოწერა არის კულმინაცია იმ განსაკუთრებულად ინტენსიური თანამშრომლობის, რომელიც ბოლო, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ პლატფორმა შორის შედგა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი იქნება წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებული ინტენსიური ეს ურთიერთობა მას შემდეგ გახდა, რაც საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა და შემდეგ ევროკავშირისგან მიიღო შეფასებები და რეკომენდაციები.
„რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების განხორციელებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა, წვლილი და როლი აქვს პროფესიულ თუ სხვა სახის გაერთიანებებს. საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამისთვის საკმარისი არ არის ტექნიკურად რეგულაციების თარგმნა და მისი გადმოტანა ქართულ სამართალში, არამედ საჭიროა სხვადასხვა სექტორების ღრმა ცოდნა. ეს ურთულესი სამუშაო. ჩვენნაირ ქვეყნებს, რომლებსაც ხელი მოწერილი აქვთ ასოცირების შეთანხმებაზე, მოკლევადიანი პერიოდი აქვთ იმისთვის, რომ სამართლებრივი აქტების ეს დიდი კორპუსი გადმოიტანონ არა მხოლოდ სამართლებრივი ტექსტის სახით, არამედ ისეთი ნორმებით, რომელსაც საზოგადოება მიიღებს, გაიგებს და აღასრულებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ვაფასებთ ეროვნულ პლატფორმასთან ურთიერთობას, რადგან ერთი მხრივ, ეს არის პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ორასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მას შეუძლია ისაუბროს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით. შესაბამისად, მასში არის ყველა პროფილის ორგანიზაცია გაერთიანებული, ყველა სექტორული ცოდნის მქონე ადამიანები, პროფესიონალები და ამიტომ, ეს არის უშრეტი წყარო პროფესიონალური რჩევის და რეკომენდაციებისა და მეორე - მნიშვნელოვანი და ფასეულია ეს ურთიერთობა, ვინაიდან ნებისმიერ რეფორმას და სიახლეს სჭირდება მიმღეობა საზოგადოებისგან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის და ეროვნული პლატფორმის ინტენსიური წელიწადნახევრიანი ურთიერთობის დროს ორი დიდი კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ეძღვნებოდა, ერთი მხრივ - რეკომენდაციების საკითხს და მეორე მხრივ, ასოცირების შეთანხმებაში არსებულ სექტორულ მიმართულებებს. სწორედ ამ კარგმა გამოცდილებამ გააჩინა მოსაზრება, რომ ეს ურთიერთობა ყოფილიყო არა სპორადული, არამედ მოქცეულიყო გარკვეულ სისტემაში და სწორედ აქედან წარმოიშვა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების იდეა.
„ჩვენი ამოცანები და მიზნები, რომელსაც ვათანხმებთ ამ მემორანდუმით არის ის, რომ გავაგრძელოთ ასეთი სახის კონფერენციების ჩატარება, გვქონდეს ინტენსიური ურთიერთობა ერთმანეთთან. მემორანდუმით გათვალისწინებულია, რომ პლატფორმა დაასახელებს საპარლამენტო მდივანს, რომელსაც ექნება განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა პარლამენტთან. პარლამენტი ეროვნულ პლატფორმას პროაქტიულად გაუზიარებს ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში და ასევე, გვექნება ყველა ამ ფორმატში განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, დღევანდელი დღით კიდევ უფრო ღრმავდება თანამშრომლობა პარლამენტს და საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის. მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კიდევ უფრო მეტად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ დიდ ევროპული ოჯახის წევრები. მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პლატფორმა შეძლებს კარგი, კონკრეტული წინადადებები შემატოს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეს და უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს ჩვენი კანონმდებლობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.