„ნიუკასლის“ ნახევარმცველს, სანდრო ტონალის, შესაძლოა, გემბლინგის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.
იტალიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი არალეგალურ პლატფორმებზე ფსონების განთავსებაში არის ბრალდებული. ტურინის პროკურატურას ტონალის სამი საათის განმავლობაში ჰკითხავდა.
ფეხბურთელმა აღიარა, რომ საფეხბურთო მატჩებზე ფსონებს ათავსებდა. უფრო მეტიც, ის აღნიშნული ფსონები „მილანის“ მატჩებს ეხებოდა , ოღონდ იმ შეხვედრებში, რომლებშიც თავად არ მონაწილეობდა.
ტონალის, რომელიც გასულ ზაფხულს „მილანიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდა, ამ აღიარებითი ჩვენებით სურდა „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ნიკოლო ფაჯოლის გზით წასულიყო და შვიდთვიანი დისკვალიფიკაცია მიეღო, მაგრამ მათ საქმეებში განსხვავებები არსებობს.
თუ ტონალის ფსონები „მილანის“ მატჩებზე დადასტურდება, ის უფრო ხანგრძლივი ვადით დისკვალიფიკაციას ავტომატურად მიიღებს – შესაძლოა, ახალგაზრდა იტალიელი სამიდან ოთხ წლამდე ვადით ფეხბურთს ჩამოაშორონ. თუმცა, სავარაუდოდ, სასჯელი ბრალის აღიარების წყალობით განახევრდება.
საუბარია 12-თვიან დისკვალიფიკაციაზე და კიდევ ექვსთვიან ალტერნატიულ სანქციებზე, რაც ლუდომანიის მკურნალობაში გამოიხატება. აქვე აღსანიშნავია, რომ ტონალიმ აღიარა, რომ თამაშზე დამოკიდებულია. შემარბილებელი გარემოებები ძალაში შევა, თუ ტონალის ჩვენება დაემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც მისგან ამოღებულ ტელეფონში არსებობს. თუ მნიშვნელოვანი განსხვავება იარსებებს, ტონალის სასჯელი შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს.