ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება. ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. მხარეებს შორის სარაკეტო იერიში 15-საათიანი სიმშვიდის შემდეგ განხორციელდა. ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მედიის ინფორმაციით, რაფაჰის ტერმინალის გავლით ეგვიპტიდან ღაზას სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების პირველი სავტვირთოები, სავარაუდოდ ხვალ გაიგზავნება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა Times of Israel წერს, რომ ამერიკული თვითმფრინავი ბენ გურიონის აეროპორტშიდაეშვა. აშშ-მ ისრაელს 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა საავტომობილო ფლოტის გასაძლიერებლად მიაწოდა. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისათვის ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში, სულ მცირე, 203 ადამიანი იმყოფება. მძევლებს შორის ბავშვები, ფესტივალის მონაწილეები, სამშვიდობო აქტივისტები, მოხუცები და ჯარისკაცები არიან. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 306 ჯარისკაცი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშებს ღაზაში 3 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 12 000-ს აჭარბებს.