მზისა და ქარის წილმა ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში რეკორდულ 14,3%-ს მიაღწია.ელექტროენერგიის გლობალური მოხმარება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ენერგეტიკის ანალიტიკურ ცენტრ Ember-ის მონაცემებში წერია, რომლის სათაო ოფისიც ლონდონში მდებარებს. Ember-ის კვლევა 78 ქვეყნის მაჩვენებლებს ეყრდნობა. როგორც აღმოჩნდა, ელექტროენერგიის გლობალური მოხმარების წლევანდელი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე, ანუ 2,6%-ზე საგრძნობლად დაბალია. გლობალური მოთხოვნის კლება, პირველ რიგში, ზოგიერთ მსხვილ, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას უკავშირდება.
ამასთან, ელექტროენერგიის გამომუშავებაში ქარისა და მზის ენერგიის წილმა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რეკორდი მოხსნა და 14,3%-ს მიაღწია, მაშინ, როცა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 12,8%-ს შეადგენდა. კერძოდ, ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში ქარის ენერგიის წილი 8,75%-ია, მზის ენერგიის წილი კი 5,52%-მდე გაიზარდა. ამრიგად, ქარისა და მზის ენერგია ელექტროენერგიის ორი წყაროა, რომელთა წილიც გლობალურ წარმოებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება სხვა წყაროებს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის წარმოებაში ქვანახშირის წილმა 36% შეადგინა, ხოლო ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავება, გვალვების გამო, ისტორიულ მაქსიმუმამდე, 8,5%-მდე შემცირდა.