მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 მილიარდ 910 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია. ბოლო მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. აქედან ექსპორტი 4 მილიარდ 607 მილიონი დოლარია და გაიზარდა 12.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 მილიარდ 303 მილიონი, რაც დაახლოებით 18 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 6 მილიარ 696 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია. წლის ამ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ჩვენთვის არიან: აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულს, აქ ლიდერობს თურქეთი, შემდეგ აშშ და რუსეთი. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო ასევე მსუბუქი ავტომობილების სახით. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები.