* რობერტ ოპენჰაიმერი -
‘’მე სიკვდილი ვარ, სამყაროს დამანგრეველი!’’ - ბჰაგავადგიტას - ინდუიზმის წმინდა წერილის სწორედ ამ ფრაზით გამოხატა უსაზღვრო გაოცება ამერიკელმა ფიზიკოსმა, ‘’ატომური ბომბის მამად’’ წოდებულმა რობერტ ოპენჰაიმერმა როცა პირველად ნახა საკუთარი ქმნილების - ატომური ბომბის აფეთქება.
სხვა გენიოსების მსგავსად, ოპენჰაიმერიც არაორდინალური, რთული და წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო. მართალია, სწორედ მან შექმნა ატომური ბომბი, მაგრამ თვითონვე გააკრიტიკა შეერთებული შტატების ბირთვული პოლიტიკა. მეტიც, მეცნიერი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა იაპონიის ქალაქების - ჰიროსიმას, ნაგასაკის დაბომბვას და ვერ პატიობდა საკუთარ თავს, რომ ‘’უდანაშაულოთა სისხლით ჰქონდა ხელები დასვრილი’’.
* შეძლებული მშობლები -
რობერტ ოპენჰაიმერი 1904 წლის 22 აპრილს დაიბადა ნიუ-იორკში. მისმა მამამ - 1880-იან წლებში გერმანიიდან ემიგრირებულმა იულიუს ოპენჰაიმერმა ამერიკაში ჩასვლისთანავე მიიღო შემოსავლიანი სამუშაო ნათესავების ტექსტილის კომპანიაში. 17 წლის იულიუსმა შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი ახალგაზრდის რეპუტაცია შეიძინა, სწრაფად გაიკეთა კარიერა და საუკეთესო ხარისხის ქსოვილის შეძლებულ იმპორტიორად იქცა.
1903 წელს იულიუსმა დახვეწილ ინტელექტუალზე ელი ფრიდმანზე იქორწინა, რომელმაც ჯერ თვითონ მიიღო განათლება პარიზის სამხატვრო სკოლაში, მერე ბერნარდის ქალთა კოლეჯში ასწავლიდა გოგონებს ხატვას. მართალია, ელიც შეძლებული ოჯახიდან იყო, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, ფუფუნებასას და ჩვეული ცხოვრების წესზე მოუწია უარის თქმა, თუმცა სწორედ მაშინ გამოჩნდა იულიუსი, რომელმაც სიყვარულთან ერთად ფინანსური სტაბილურობაც შესთავაზა.
* უდარდელი ბავშვობა -
რობერტს, რომელიც საოცრად მგრძნობიარე, თუმცა საზრიანი და გონებაგახსნილი ბავშვი იყო, ყველაფრით უზრუნველყოფილი, უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. პატარას განსაკუთრებით დედა ანებივრებდა, რომელიც თვითონაც ძალიან უყვარდა, მამას კი, უფრთხოდა და ერიდებოდა. მეტიც, იულიუსს, რომელიც დახვეწილი მეუღლის ფონზე გაუთლელ პროვინციალად გამოიყურებოდა, რობერტი ‘’შუასაუკუნეების გერმანული სოფლის წვრილი მოვაჭრეების შთამომავალს’’ უწოდებდა. მამასთან დაძაბული ურთიერთობის მიზეზი პირველ რიგში მისი სიხისტე და პირდაპირობა იყო, იულიუსი ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა შვილს ზედმეტი ემოციურობისთვის და შიშობდა, რომ სუსტი და ზედმეტად მგრძნობიარე რობერტი ვერასდროს შეძლებდა რეალურ სამყაროს მორგებას.
ინგლისური და ფრანგული ლიტერატურით, მინერალოგიითა და გეოლოგიით გატაცებულმა რობერტმა რამდენიმე წლით ადრე დაასრულა სკოლა და კოლეჯში გადაინაცვლა, 18 წლისამ კი, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა ფიზიკის შესასწავლად. ექსპერიმენტული ფიზიკით ოპენჰაიმერი პერსი ბრიჯმენისა და მის თერმოდინამიკის კურსის გავლის შემდეგ დაინტერესდა, თუმცა არც უნივერსიტეტში შეყოვნდა დიდხანს და სკოლის მსგავსად სამი წლით ადრე დაამთავრა.
* მინერალოგიური კლუბის სპიკერი -
5 წლის რობერტმა უძვირფასესი საჩუქარი მიიღო დედისგან. ელიმ შვილს არქიტექტურის ენციკლოპედია და საკუთარი მამის მინერალების კოლექცია უსახსოვრა. სწორედ არქიტექტურა და მინერალური ქვების მოძიება იქცა მცირეწლოვანი რობერტის მთავარ გატაცებად. მეტიც, 12 წლისამ ნიუ-იორკის მინერალოგთა კლუბთან გააბა მიმოწერა, რომელშიც დაუსწრებლად გაწევრიანდა და ყველა გააკვირვა, როცა მოხსენებით მიწვეული, საოცარი ერუდიციისა და პროფესიონალიზმის მიუხედავად, მაინც არასრულწლოვანი აღმოჩნდა.
* ქედმაღალი და ამპარტავანი -
ახალგაზრდობაში ოპენჰაიმერი ყველგან საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდა. მართალია, ამპარტავანი რობერტი ინტელექტით, ფრანგული ენისა და პოეზიის ცოდნით, საკუთარი ქონებითა და წარმომავლობით ცდილობდა გარშემომყოფების დაჩრდილვას, მაგრამ არავის აყენებდა შეურაცხყოფას, პირიქით მოზღვავებული ემოციების მიუხედავად, მაინც ყოველთვის ახერხებდა კორექტულობის შენარჩუნებას.
* მოწამლული ვაშლი -
1924 წელს, ჰარვარდის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ოპენჰაიმერი ბრიტანეთში გაემგზავრა კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. სწორედ იქ გაიცნო პატრიკ ბლეკეტი - რამდენიმე წლით უფროსი სტუდენტი, რომელიც მისი სამეცნიერო კვლევის ხელმძღვანელი გახდა.
ოპენჰაიმერმა გაცნობისთანავე მოიძულა ბლეკეტი, რომელმაც აზოტის ბირთვის ჟანგბადის იზოტოპად ქცევის პირველი ფოტოების წყალობით მოიპოვა აღიარება. მეტიც, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა მისი სიძულვილი, რომ დაუფიქრებლად გაიმეტა კოლეგა და კალიუმის ციანიდით მოწამლული ვაშლი უსახსოვრა საშობაო საჩუქრად. მართალია, ბლეკეტს არც უფიქრია ვაშლის დაგემოვნება, მაგრამ ოპენჰაიმერს მაინც მოუწია სასწავლებლის ხელმძღვანელობის იძულებით ფსიქიატრთან მკურნალობის კურსის გავლა.
მოგვიანებით, ბიოგრაფებმა ოპენჰაიმერის გამოხდომა ბანალური შურით ახსნეს. ბლეკეტი საოცრად კორექტული და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ახალგაზრდა იყო, რომელიც სიმპათიური გარეგნობისა და ბრწყინვალე სამეცნიერო კარიერის წყალობით სარგებლობდა კოლეგების, განსაკუთრებით ქალბატონების პატივისცემით, ამბიციური ოპენჰაიმერი კი, რომელიც ვერ იტანდა კონკურენციას, მის ფონზე სრულ არარაობად იქცა, რაც მიუღებელი და საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის. თვითგანადგურებისკენ მიდრეკილ ოპენჰაიმერს მთელი ცხოვრება თან სდევდა დეპრესია და აგრესია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.
* უკონტროლო აგრესია -
ანალოგიური შემთხვევა განმეორდა რამდენიმე კვირის შემდეგაც, როცა საშობაო არდადეგებზე პარიზში გამგზავრებული რობერტი ბავშვობის მეგობარს, ჰარვარდის კურსდამთავრებულს ფრენსის ფერგიუნსონს შეხვდა. მეგობრებმა მშვიდად ივახშმეს სასტუმროს რესტორანში და ოპენჰაიმერის ნომერში გადაინაცვლეს საუბრის გასაგრძელებლად, თუმცა რობერტმა ისევ ვერ შეძლო აგრესიის მოთოკვა, უკნიდან დაესხა თავს წიგნისთვის ტუმბოზე დახრილ მეგობარს და მისი ქამრით გაგუდვა სცადა, მერე კი, მოწყვეტით დაეცა იატაკზე და მთელი ხმით ატირდა.
* ვერშემდგარი მწერალი -
ოპენჰაიმერი არა მხოლოდ ფიზიკითა და ტექნიკური საგნებით, არამედ ლიტერატურითა და ფილოსოფიითაც ინტერესდებოდა. მეცნიერი, რომელიც ლათინურსა და ბერძნულს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ექვს ენას დაეუფლა სრულყოფილად, რათა ორიგინალში წაეკითხა მისთვის საინტერესო ლიტერატურა.
მატარებლით მგზავრობისას სან-ფრანცისკოდან აღმოსავლეთ სანაპირომდე რობერტმა გერმანულად წაიკითხა კარლ მარქსის ‘’კაპიტალის’’ ოთხივე ტომი, ჰოლანდიაში მოგზაურობისას მარსელ პრუსტის შემოქმედებას გაეცნო ფრანგულ ენაზე, ინდუიზმის წმინდა წერილის - ბჰაგავადგიტას წაკითხვის სურვილით კი, 30 წლისამ დაიწყო სანსკრიტის შესწავლა.
ბავშვობაში პოეზიითა და ლექსების წერით გატაცება მოზარდობაში ოპენჰაიმერმა მოთხრობების წერით გააგრძელა, თუმცა 1920-იანი წლების ბოლოს სრულად გააცნობიერა საკუთარი შესაძლებლობები, აღიარა, რომ ვერასდროს გახდებოდა კარგი მწერალი და სუფთა გერმანული პედანტიზმით გაანადგურა მთელი თავისი ლიტერატურული არქივი.
* შავი ხვრელი -
1939 წელს ოპენჰაიმერმა მოცულობითი სტატია გამოაქვეყნა გრავიტაციულ შეკუმშვაზე და პირველმა ივარაუდა ე.წ. ‘’მომაკვდავი ვარსკვლავების’’ არსებობა, რომელთა გრავიტაციული მიზიდულობა ბევრად აღემატებოდა გამომუშავებულ ენერგიის. მართალია, მეცნიერები მანამდეც აკვირდებოდნენ ანალოგიურ პროცესს, დღეს კი, მსგავს ობიექტებს ‘’შავ ხვრელებს’’ უწოდებენ, მაგრამ სწორედ ოპენჰაიმერი მიხვდა პირველი, რომ ჩამქრალ ვარსკვლავებში სივრცე იყო გაჩერებული დროით.
* ‘’მანჰეტენის პროექტი’’ –
მსოფლიო ტრენდად ბირთვული ფიზიკა გასული საუკუნის 20-იან წლებში იქცა, თუმცა ადოლფ ჰიტლერის გააქტიურებისა და გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ მისი შესწავლა საგრძნობლად დაჩქარდა. 1938 წლის ბოლოს, როცა მესამე რეიხის მეცნიერებმა ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა ურანის ბირთვის გაყოფა შეძლეს, ნათელი გახდა, რომ სწორედ ის მოიპოვებდა მსოფლიო მმართველობას, ვინც პირველი შექმნიდა ატომურ ბომბს.
ამერიკაში მისიის შესრულება ე.წ. ‘’მანჰეტენის პროექტმა’’ იტვირთა, რომელიც ფრანკლინ რუზველტის განკარგულებით შეიქმნა. ატომური ლაბორატორიის ხელმძღვანელობა გენერალმა ლესლი გროვსმა სწორედ ოპენჰაიმერს ჩააბარა, რითაც ბევრი გააკვირვა, რადგან სამეცნიერო ხელმძღვანელის პოსტზე იმ კანდიდატის შერჩევა, რომელსაც არც ნობელის პრემია ჰქონდა, არც შესაბამისი გამოცდილება, ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
საკუთარი გადაწყვეტილება გროვსმა ოპენჰაიმერის თვისებებით, პირველ რიგში საოცარი ამბიციურობით ახსნა, მით უფრო, რომ გერმანიაში, ანალოგიურ ნაცისტურ ლაბორატორიას ოპენჰაიმერის ძველი ნაცნობი ვერნერ ჰაიზენბერგი ხელმძღვანელობდა.
‘’მანჰეტენის პროექტი’’ - ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეცნიერო კვლევად იქცა, რომელშიც 6 ათასამდე მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა 12 ნობელიანტის ჩათვლით. მართალია, თავიდან ოპენჰაიმერს ძალიან გაუჭირდა უზარმაზარი ჯგუფის ხელმძღვანელობა და კოორდინირება, მაგრამ სწრაფად აუღო ალღო. მეტიც, პროექტის მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ მის უნარს მოეწესრიგებინა ნებისმიერი კონფლიქტი კულტურული და რელიგიური უთანხმოების ჩათვლით.
ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში მუშაობის შედეგად ხელოვნური ბირთვული აფეთქება იქცა, რომელიც ალამოგორდოს პოლიგონზე განხორციელდა 1945 წლის 16 ივლისს და ‘’ტრინიტის’’ სახელით შევიდა ისტორიაში. წინასწარ განისაზღვრა ‘’მანჰეტენის’’ ორი ბომბის დანიშნულებაც, რომლებიც მეტად ცინიკური სახელებით ‘’ბიჭუნა’’ და ‘’მსუქანა’’ ამერიკელმა სამხედრო პილოტებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოაგდეს 1945 წლის აგვისტოს თვეში.
* ‘’სისხლიანი ხელები’’ –
იაპონიაში განხორციელებული აფეთქებების შემდეგ ოპენჰაიმერი ამერიკის პრეზიდენტს ჰარი ტრუმენს შეხვდა საკუთარი მოსაზრებების გასაზიარებლად. მეცნიერი შიშობდა, რომ ომი საბჭოთა კავშირთან გარდაუვალი იყო, თუმცა ტრუმენმა მხოლოდ გაიღიმა და ირონიულად აღნიშნა, რომ ‘’კომუნისტები ვერასდროს შეძლებდნენ ატომური ბომბის შექმნას’’.
საკუთარი განცდა და გულისტკივილი გაუზიარა ოპენჰაიმერმა პრეზიდენტს, როცა თვალზე ცრემლმომდგარმა გაიხსენა იაპონური აფეთქებები და სინანულით შენიშნა, რომ ‘’ვერაფრით ერეოდა განცდას, თითქოს სხვისი სისხლით ჰქონდა ხელები დასვრილი’’, თუმცა თანაგრძნობის ნაცვლად მეცნიერმა მხოლოდ ტრუმენის აგრესია დაიმსახურა, რომელმაც ოვალური კაბინეტის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა. ინციდენტი სწრაფად გახმაურდა და ერთგვარ ლეგენდად იქცა, რომელსაც ტრუმენი ყოველთვის განსხვავებული ვერსიით, თუმცა ერთნაირი ცინიზმით ჰყვებოდა და იხსენებდა, რომ ‘’მტირალა მეცნიერის’’ შეშფოთებას მხოლოდ მოკლე ფრაზით უპასუხა, რომ ‘’წყალი და ხარისხიანი სარეცხი საშუალება აუცილებლად ყველაფერს ჩამოჰბანდა’’.
* ‘’ოპენჰაიმერის საქმე’’ -
ატომური ბომბის ჩამოგდებისა და ბირთვული ფიზიკოსების ორ ბანაკად გაყოფის შემდეგ ოპენჰაიმერმა იმ მეცნიერთა პოზიცია გაიზიარა, ვინც ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გაილაშქრა. სწორედ მისმა გადაწყვეტილებამ უბიძგა 1954 წელს ატომური ენერგიის კომისიას ‘’ოპენჰაიმერის საქმედ’’ წოდებული გამოძიების დაწყება, რომელსაც მისი პოლიტიკური არასაიმედოობა უნდა დაედასტურებინა.
აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოპენჰაიმერმა, რომელიც აქტიურად ჩაება პოლიტიკაში, ჯერ თავდაცვის მინისტრს ჰენრი სტიმსონს მისწერა კრიტიკული წერილი, მერე სტატია გამოაქვეყნა ატომურ ენერგიაზე საერთაშორისო კონტროლის დამყარების მოთხოვნით. თუმცა, კონსერვატორმა პოლიტიკოსებმა ნაკლებად შეისმინეს მეცნიერის და არა მხოლოდ კომუნისტების სიმპათიაში, არამედ ეროვნული უსაფრთხოების წესების დარღვევასა და ქვეყნის ღალატშიც დაადანაშაულეს.
მართალია კომისიამ ვერ შეძლო საკუთარი ბრალდების არგუმენტებით დამტკიცება, მაგრამ ოპენჰაიმერს მაინც სამუდამოდ აეკრძალა საიდუმლო და სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა, რაც საშინლად მტკივნეული და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მისთვის.
საყვარელ საქმეს ჩამოშორებულ ოპენჰაიმერს ჯანმრთელობამაც უმტყუნა. 1965 წელს მედიკოსებმა პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, როცა ყელის კიბოს დიაგნოზით ენთუზიაზმთან ერთად, მომავლის იმედიც წაართვეს. მართალია, მეცნიერმა რამდენიმე ნაშრომის გამოქვეყნება შეძლო, მაგრამ მუდმივად განუხორციელებელ იდეებსა და გამოუყენებელ პოტენციალზე დარდობდა, რამაც მის მეუღლეს ძველი მეგობრისთვის ფრიმენ დისონისთვის დახმარების თხოვნით მიმართვაც კი აიძულა, რათა რობერტს სამეცნიერო კვლევაში მიეღო მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ ცივი უარი მიიღო სიტყვებით, ‘’უკვე ძალიან გვიანაა მისი ტანჯვის განტოლებებით მკურნალობა’’.
რობერტ ოპენჰაიმერი 1967 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა საკუთარ რანჩოზე. ახლობლების განცხადებით, უდიდესი მიღწევის მიუხედავად, რობერტი მაინც უკმაყოფილო იყო საკუთარი ცხოვრებით, რადგან თვლიდა რომ ატომური ბომბის შექმნის ნაცვლად ბევრად სასარგებლო აღმოჩენების გაკეთება შეეძლო.