ბოლო მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა - 230 002 სახლი, 1961-1970 წლებში აშენდა, რომელთაგან ყველაზე მეტი - 59 518 თბილისშია აშენებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ყველაზე ძველი საცხოვრისები ქვეყნის მასშტაბით 1919 წლამდე აშენდა. მათი რაოდენობა 31 790-ია, რომელთაგან ყველაზე ბევრი 19 018 თბილისშია აშენებული. უძველესი სახლების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც 1919 წლამდე 3 783 საცხოვრებელი აშენდა, ყველაზე ნაკლები სახლი კი აღნიშნულ პერიოდამდე გურიაში ააშენეს - მათი რაოდენობა 383-ია.
თბილისში ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 72 473, 1971-1980 წლებში აშენდა, საიდანაც უმრავლესობა 68 896 იზოლირებული (ცალკე) ტიპის ბინაა, ხოლო 3 577 ინდივიდუალური სახლი.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველაზე მეტი 15 231 სახლი ასევე 1971-1980 წლებში აშენდა, მათგან 7839 ინდივიდუალური სახლი იყო, 7 392 კი იზოლირებული ბინა.
გურიაში ყველაზე ბევრი 8 104 საცხოვრებელი სახლი 1946-1960 წლებში აშენდა, რომელთაგან 7589 ინდივიდუალური სახლია, 515 კი იზოლირებული ბინა.
იმერეთში საცხოვრებელი სახლების უმეტესობა, 37 549 სახლი 1961-1970 წლებში ააშენეს, მათ შორის 28 373 ინდივიდუალური სახლია, 9 176 კი იზოლირებული.
კახეთში ყველაზე მეტი 27 184 საცხოვრისი 1946-1960 წლებშია აგებული, მათგან ინდივიდუალური სახლი 25 984-ია, იზოლირებული ბინა კი 1200.
მცხეთა-მთიანეთში სახლების უმეტესობა 5 809, ასევე 1946-1960 წლებში ააშენეს, რომელთა შორისაც 4 944 ინდივიდუალური სახლია, ხოლო 865 იზოლირებული ბინა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ყველაზე ბევრი 2495 საცხოვრებელი 1961-1970 წლებში ააგეს, რომელთაგან 2 390 ინდივიდუალური საცხოვრებელი, 105 კი იზოლირებული სახლია.
სამეგრელო - ზემო სვანეთში საცხოვრებლების უმრავლესობა - 22 280, 1961-1970 წლებში აშენდა, მათ შორის 19 684 ინდივიდუალური სახლია, 2596 კი იზოლირებული ბინა.
სამცხე-ჯავახეთში ასევე 1961-1970 წლებში ააშენეს ყველაზე მეტი, 11 112 საცხოვრებელი სახლი, მათგან 9 797 ინდივიდუალური საცხოვრისია, 1 315 კი იზოლირებული.
ქვემო ქართლში საცხოვრებლების უმრავლესობა, 24 855 სახლი 1971-1980 წლებში ააგეს, რომელთა შორის 13 138 ინდივიდუალური სახლია, 11 717 კი იზოლირებული ბინა.
შიდა ქართლში კი სახლების ყველაზე დიდი ნაწილი, 19 939 საცხოვრისი, 1961-1970 წლებშია აშენებული - მათგან 15 468 ინდივიდუალური, 4471 კი იზოლირებული ბინაა.
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ აღნიშნული მონაცემები მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ეფუძნება, რომელიც ბოლოს 2014 წელს ჩატარდა, მომდევნო აღწერა კი მომავალ, 2024 წელს ჩატარდება.