ეგვიპტემ, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნაზე თანხმობა განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაავრცელა, მოგვიანებით კი ეგვიპტის ხელისუფლებამაც დაადასტურა.
„ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზას სექტორში, რაფაჰის ტერმინალის გავლით, ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აჰმედ ფაჰმიმ.
მისი თქმით, დახმარებას კოორდინაციას გაუწევენ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად, გაერო-ს მეთვალყურეობის ქვეშ.
ცნობისათვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანის რაფაჰის გამშვები პუნქტით ღაზაში შესვლას დასთანხმდა.