რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. რუსულმა ძალებმა გუშინ ზაპოროჟიეზე ექვსი სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე განხორციელდა. გასულ 24 საათში, ფრონტის ხაზზე 69 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 3 სარაკეტო და 35 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი 39-ჯერ ისროლეს. რუსულმა ძალებმა თავდასხმებისას შაჰედის ტიპის დრონებიც გამოიყენეს, მათი დიდი ნაწილი უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. გენშტაბის ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც.უკრაინული თავდაცვა რუსების იარაღისა და ცოცხალი ძალის განლაგების სტრატეგიულ უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.