თქვენს ზურგზეა მათი ცოდვა! ყველა იმ ბავშვის ცოდვა, ვინც მხოლოდ „სკაიპით“ ხედავს მშობელს მხოლოდ - თქვენ ჯიბეშია მხოლოდ ეს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის ეს ზრდა. არც სიმშვიდეა და არც სტაბილურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, -ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდა ოჯახები ვერ ხედავენ მმართველი გუნდის მიმართ ქვეყნისადმი სიყვარულს.
„ახლა უკვე ახალგაზრდა ოჯახები მიდიან ქვეყნიდან, მიდიან შვილებთან ერთად. თქვენში ვერ ხედავენ ქვეყნის სიყვარულს და იმას, რომ რაიმე გაქვთ სათქმელი. თქვენ გააქციეთ ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან, თქვენს ზურგზეა მათი ცოდვა! ყველა იმ ბავშვის ცოდვა, ვინც მხოლოდ „სკაიპით“ ხედავს მშობელს, თქვენზეა ყველა იმ მშობლის ცოდვა, რომელსაც მხოლოდ „სკაიპში“ ესხმის მისი შვილის ხმა. ესაუბრეთ ახლა ბუნდოვნად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. თქვენ ჯიბეშია მხოლოდ ეს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის ეს ზრდა. არც სიმშვიდეა და არც სტაბილურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მხოლოდ თქვენთვის არის, ამიტომ ზიხართ აქ თბილად მოკალათებულები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა, რომლის ამ განცხადებასაც მმართველი გუნდის რეპლიკები მოჰყვა.
აღნიშნულის საპასუხოდ კი ნაცვლიშვილმა განაცხადა: „გამწარდით? მოქალაქეები როგორ არიან გამწარებულები თქვენი პოლიტიკით, ის მოიკითხეთ“.
გარდა ამისა, მან „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრის გუშინდელ გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრისგან განსხვავებით, ჯარმა კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყნის პირველი მტერი.
„გუშინ, აქ იყო თავდაცვის მინისტრი, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. რა ჰქონდა მას სათქმელი ქართველი ჯარისთვის? თურმე ის, რომ მტერი შეიძლება ხვალ მოყვარე გახდეს - ოკუპანტს ოკუპანტი უნდა დაარქვა! ეს მისი ვალდებულებაა. მინისტრისგან განსხვავებით, ჯარმა კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყნის პირველი მტერი. როგორც ჩანს, არც ამ კაცმა და არც თქვენ არ იცით ისტორია, რომ 200 წელია ვერ გახდა ეს მტერი ამ ქვეყნის მოყვარე, ეს არ არის მისი მიზანი. იმის მაგივრად, რომ ეს ქვეყანა მეგობრებით და პარტნიორებით გაგეძლიერებინათ, რუსეთის მხარეს ხართ გადასული. სხვა ახსნა არ აქვს, თუ რატომ ხართ გადაფარებული მთელი თვეა რუსეთის ჯაშუშს, ხმას არ იღებთ ფარცხალაძის საქმეზე. დაგვიანებით, მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეობა შეუწყვიტა. დროა, მიბაძოთ ქალბატონო თურნავა და გააუქმოთ თქვენი არაკონსტიტუციური, რუსული ბრძანება, რითაც ძალიან მძიმე დარტყმას აყენებთ საქართველოს ფინანსურ სისტემას. ამ დარტყმას მოქალაქეები ვიხდით საკუთარი ჯიბეებიდან. 150 მილიონი ლარი გახდა საჭირო იმისთვის, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოთ, კიდევ რამდენი მილიონი უნდა გადაიხადონ საქართველოს მოქალაქეებმა ფარცხალაძის გადასარჩენად, რამდენი მილიონია კიდევ საჭირო? ან გააკეთებთ გასაკეთებელს, ან ერთადერთი ამბავია, თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა. ვიცი, რომ არ გსიამოვნებთ ამ სიმართლის მოსმენა, მაგრამ სანამ ამ ტრიბუნასთან ვარ, ზუსტად ამას გეტყვით, სხვას არ იმსახურებთ! თქვენ რუსეთს ემსახურებით, ჩვენ - ამ ქვეყანას. ამ იმპიჩმენტს, რუსეთის გზით სიარულს „ლელო“ მხარს არ დაუჭერს. მოგიწევთ, უკან წაიღოთ ყველა ეს ნაბიჯი, ამავე დროს ძალიან მძიმე ფასს გადაიხდით. ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ფასი, უფრო მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.