რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
„ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.