ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დეკემბერში, ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„ეს დეკემბრის შუა რიცხვებისთვის არის დღის წესრიგში. საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურია და სწორედ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი მათ ერთსულოვნად უნდა მიიღონ, ყველა მათგანმა უნდა თქვას დიახ, მე საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხარს ვუჭერ.
ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია წარადგენს ანგარიშს, სადაც ნათქვამი იქნება ის, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს, კონკრეტულად 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. სწორედ ეს ანგარიში იქნება 27 სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე. მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან. ასე რომ, ეს საქმე საქართველომ უნდა გააკეთოს. ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ პასუხი იქნება - დიახ“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.