შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმაში, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა, რასაც მკაცრად ვგმობ, - ასე ეხმაურება გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზაში, ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს“, - აცხადებს გუტერეში.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. „ჰამასი“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.