კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსი NBA-ს რეგულარული სეზონის დაწყებამდე წინასასეზონო შეხვედრებს მართავს. ტექსასური გუნდი დღეს გამთენიისას ჰიუსტონ როკეტსს დაუპირისპირდა და 89:99 დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა კი 9 წუთში 3 ქულის დაგროვება მოახერხა.
თამაშის დაწყებამდე სანდრომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა. სპურსის მძიმე ფორვარდმა წინასასეზონო ეტაპზე, ვიქტორ ვემბანიამასა და გუნდში ადაპტაციაზე ილაპარაკა: "გრეგ პოპოვიჩთან და სპურსთან ერთად ჩემთვის პირველი წინასასეზონო ეტაპია, შესაბამისად, ეს რთულია და თან ძალიან კარგია. ერთმანეთს ბევრს ვეჯიბრებით და მაღალი ინტენსივობაა. მომწონს, როგორც ვმუშაობთ. მილუოკიში ვეტერანი კალათბურთელების გამო განსხვავებული სიტუაცია იყო, აქ კი, ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, ამიტომ, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ყოფნა და უფრო მეტი სირბილი გჭირდება. ამ ყველაფრიდან სიამოვნებას ვიღებ და ვცდილობ, რომ ვისწავლო." "პირველად რომ ვემბანიამას შევხვდი, იანისი გამახსენდა. რაც უფრო მეტს ვთამაშობ მასთან ერთად, უფრო ვხვდები, თუ როგორი გამორჩეულია. ის იანისზე მაღალი და გრძელია. წინასასეზონო ეტაპზე შესანიშნავი იყო, მისი ყურებითა და მასთან ერთად თამაშით სიამოვნებას ვიღებ." "გასულ წელს, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია, წელს კი ვცდილობ, რომ გუნდს მოვერგო და დავეხმარო. შესაბამისად, ეს ეტაპი დიდებული იყო, განსაკუთრებით სამწვრთნელო სტაფთან მუშაობა. ყველაფერს ძალიან კარგად მიხსნიან, თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვცდილობ, უბრალოდ მოვუსმინო და ვისწავლო."