ისრაელ-ჰამასის ომის მე-12 დღე. ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა, ჰამასი ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმას აგრძელებს. პარალელურად, ისრაელი ღაზას ბლოკადას განაგრძობს და სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. გვიან ღამით, ღაზას ცენტრალური ჰოსპიტალი დაიბომბა. წინასწარი ინფორმაციით, შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები, ათობით ადამიანი კი ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება. პალესტინის ხელისუფლება საავადმყოფოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცნობილია რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება პალესტინის ისლამური ჯიჰადის წარუმატებლად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. საერთაშორისო საზოგადოება, საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. პარალელურად ისრაელში აშშ-ს პრეზიდენტს ელიან. ჯო ბაიდენი შეხვედრებს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს. ცნობილია, რომ ბაიდენი იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა. იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.