დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვას უპასუხა თავდაცვის კოდექსზე.
ბურჭულაძის თქმით, გარდა იმისა, რომ გამოწვევები მუდმივად იცვლება, სამართლებრივადაც გაუმართლებელია კოდექსში იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მტერი.
„კოდექსი ვის წინააღმდეგ მივიღეთ? - უსაფრთხოების ანბანი არის ზოგადად ის, რომ გამოწვევები იცვლება. დღეს შეიძლება ერთი ქვეყანა იყოს მტერი, ხვალ მეორე ქვეყანა გახდება. შესაბამისად, კოდექსის დონის დოკუმენტში, მტერი ვინ არის, იმის განსაზღვრა, ჩემი აზრით, სამართლებრივადაც გაუმართლებელია. სხვა ქვეყნების დოქტრინებშიც ნაკლებად გვხვდება, რომ განსაზღვრული იყოს კონკრეტული ქვეყანა. თუ ვინმეს უწერია ევროპის ქვეყანას, რომ რუსეთი არის მტერი ქვეყანა, დღემდე აქვთ სავაჭრო ურთიერთობა მათთან, ჩვენც გვაქვს მათ შორის გარკვეულწილად და კოდექსის დონეზე ასეთი დამოკიდებულებები არ ისაზღვრება ზოგადად. ანბანი უსაფრთხოების არის ის, რომ გამოწვევები არის ცვალებადი. დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მტერი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.