საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას განაცხადა.
„მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისას თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებს შეეხო მან ტურბულენტური გეოპოლიტიკური გარემოს პარალელურად, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში რუსეთის ფედერაციის აგრესიული და ძალადობრივი ქმედებები მიმოიხილა, რითაც ის თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებასა და ნატოსა და ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონზე წვდომის შეზღუდვას ცდილობს.
„ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებს აგრესიულ და ძალადობრივ პოლიტიკას, სასტიკ ომებს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის წესებს, ახორციელებს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, სეპარატიზმის წახალისებას და სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდების მეშვეობით ქაოსის დათესვას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამასთან, დასძინა, რომ საქართველო რუსული აგრესიისა და ოკუპაციის სამიზნე ერთ-ერთი პირველი გახდა.
„რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დგას საოკუპაციო ძალა და აგრძელებს ძალადობრივ პოლიტიკას ჩვენი მოქალაქეების მიმართ“,- აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გააკეთა აქცენტი. როგორც მან აღნიშნა, საქართველო თავისი სტანდარტებით, მოდერნიზაციითა და მზადყოფნის დონის გაზრდით დღითი დღე უახლოვდება ევროპულ ოჯახს და ევროატლანტიკურ სივრცეს.
„ჩვენ ჯერ არ ვართ ამ სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და არ გვაქვს უსაფრთხოების ის ხარისხი, რაც მოაქვს ნატოს წევრობას. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატების გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ გარანტს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, მინისტრმა პრაგმატული პოლიტიკის წარმატებისა და ეფექტიანობის კონტექსტში ქართულ ჯარსა და მის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, როგორც ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი.
„პრაგმატული პოლიტიკა ვერ იქნება წარმატებული და ეფექტური, თუ მას ზურგს არ გაუმაგრებს ჩვენი ქვეყნის წარმატება, რეფორმები და მისი ხელშესახები შედეგები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სექტორში. ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები არის სწორედ ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი ჯარის გაძლიერება, მისი მზადყოფნის დონის ამაღლება და თანამედროვე, მოტივირებულ და ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალად ქცევა“, - განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ.