ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე სასამართლოში ჩვენება დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ მისცა.
მან სასამართლო პროცესზე როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის კითხვებს უპასუხა.
როგორც მოწმემ აღნიშნა, პროექტის ნორმებთან შესაბამისობა მიღება-ჩაბარების დროს დგინდება. ვაკის პარკის პროექტი კი მიმდინარე იყო და გარკვეული ეტაპები გააჩნდა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გიგა გიგაშვილს დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის ვალდებულება, ბასილაიამ ასე უპასუხა: „ექსპერტიზის ექსპერტიზა არ ხდება და არ ჰქონდა რამე საფუძველი ეჭვი შეეტანა...“
„როცა მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ხელშეკრულებაში, ვეცნობოდი, ამ შემთხვევის შემდეგ საქმე დეტალურად შევისწავლე, ბუნებრივია, ყველა შემთხვევას არ ვსწავლობ. როცა ინციდენტი მოხდა, შევისწავლე მათ შორის „ელემსის“ ხელშეკრულება. პროექტის ავტორს საპროექტო ხელმძღვანელობა ევალებოდა, ეს ხელშეკრულება პროექტის ჩაბარების შემდეგაც მოქმედი იყო", - განაცხადა ბასილაიამ.
კითხვაზე, შესაბამისმა კომპანიამ ექსპერტიზა თუ ჩაატარა და უსაფრთხოების ნორმებს თუ შეესაბამებოდა ის? - ბასილაიამ ასე უპასუხა: „როგორც ვიცი, ჩაატარა და როგორც ვიცი კი",- განაცხადა მოწმემ.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. ცნობისთვის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“. აღნიშნულის საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 9 პირს ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც სასამართლომ 8 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.