საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, რომ უფრო ძლიერი სურათისთვის, მე მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო - ერთად დგამენ „კარწინკას“ სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა ნულის ტოლია.
„ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სხვანაირად კეთილსინდისიერი იურისტი უბრალოდ ვერ გააკეთებს. არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, აქ შეიძლება რაღაც ნაკლები ეკადრა, მაგრამ გამოვიდა და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად გადაწყვეტილებაში, უხეში ტერმინები გამოიყენა „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ეს არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს. ესეც მისი პრობლემაა და საქმე. დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს სრული კოორდინაცია აქვთ. საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, რომ უფრო ძლიერი სურათისთვის, მე მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო - ერთად დგამენ „კარწინკას“ სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით და ამ სცენარით. კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა ნულის ტოლია. ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს. ეს ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ზურაბიშვილს თავის დროზე აგენტს უწოდებდა“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმად, მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ცოტა არ იყოს, გული ეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი უკვირს. მისივე თქმით, „ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, უნდა რცხვენოდეს, ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს“.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლიდან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.