აშშ-ის ფედერალური მთავრობა მსოფლიოში ბიტკოინის ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელია. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამერიკის მთავრობის საფულეებში ციფრული აქტივების საბაზრო ღირებულება 5 მლრდ დოლარზე მეტია. ამასთან, თითქმის, 200 ათასი ბიტკოინი კიბერკრიმინალებისგან ან შავი ბაზრიდან არის ამოღებული. ისინი აპარატულ საფულეებში ინახება, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის და რამდენიმე სხვა სამთავრობო დეპარტამენტი მართავს. სამთავრობო საფულის ზოგიერთი მისამართი საჯაროა და მას კრიპტოსაზოგადოების წევრები ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ციფრული აქტივების გლობალურ ბაზარზე დიდი რაოდენობით მონეტების ერთჯერადი გაყიდვის უარყოფით გავლენას უფრთხიან. Coinmarketcap-ის მიხედვით, კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 1,08 ტრლნ დოლარია. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის ფიატ ვალუტად გადაქცევა საკმაოდ ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესია. ფიატ ვალუტა არის ლეგალური გადახდის საშუალება, რომლის ღირებულებაც მთავრობის მიერ გამოშვებულ ვალუტასთან არის მიბმული.
კერძოდ, მთავრობა ჩამორთმეული თანხის მესაკუთრე მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც კრიპტოვალუტის კონფისკაციაზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. შემდეგ მთავრობა ჩამორთმეულ სახსრებს აშშ-ის მარშალთა სამსახურს გადასცემს, რომელიც ჩამორთმეული აქტივების განკარგვაზე მთავარი პასუხისმგებელი უწყებაა. ამდენად, კრიპტოვალუტის გაყიდვაზე ნებართვას რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს თანხმობა სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მონეტების აუქციონზე და ბირჟაზე რეალიზება.
პირველად აშშ-ის მარშალთა სამსახურმა ჩამორთმეული კრიპტო აქტივების ნაწილი ბირჟაზე 2021 წლის იანვარში გაყიდა. ისინი მცირე მოცულობით ვაჭრობდნენ, რომ ფასზე უარყოფითი გავლენა თავიდან აეცილებინათ. უწყება მსგავსი სტრატეგიის დაცვას სამომავლოდაც გეგმავს და ციფრული აქტივების გაყიდვას ხანგრძლივ პერიოდზე გადაანაწილებს.