ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამით ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. განადგურებული სამიზნეები „ჰამასის“ შტაბ-ბინას მოიცავს, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს. გარდა ამისა, დაიბომბა ბანკი, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა. გარდა ამისა, „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის დაწყების შემდეგ, ისრაელის მასშტაბით დაახლოებით, 500 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ღაზას სექტორის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, თუმცა 100 000-ზე მეტი პირი კვლავ ადგილზე იმყოფება. „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ირანი ახალი ფრინტის გახსნით იმუქრება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ოფიციალური თეირანი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გულგრილი ვერ დარჩება.