ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. მხარეებს შორის ავიაიერიშები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ღაზას სექტორში 200-დან 250-მდე ისრაელელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე მძევლად არის აყვანილი. მისივე თქმით, მძევლებს იქამდე არ გაათავისუფლებენ, სანამ ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას არ შეწყვეტს. ამასთან, „ჰამასმა“ მძევლების პირველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მძევლად აწყვანილი ისრაელის 21 წლის მოქალაქე ჩანს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელში უკვე მეორედ ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც არაბულ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჰამასის“ თავდასხმის გამო ენტონი ბლინკენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური შეხვედრა შეწყდა და მათი ბუნკერში ჩაყვანა გახდა საჭირო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა.