წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ ისრაელს, გააკეთოს ღაზაში ყველაფერი, რასაც მოისურვებს, უახლოეს საათებში შესაძლოა ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.
„წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ სიონისტურ რეჟიმს, ნებისმიერი ქმედება განახორციელოს ღაზაში. ყველა ვარიანტი ღიაა და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ღაზაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების მიმართ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტმა, შესაძლოა, უახლოეს საათებში პრევენციული ზომები განახორციელოს.
"წინააღმდეგობის ფრონტს შეუძლია აწარმოოს გრძელვადიანი ომი მტერთან (ისრაელთან). უახლოეს საათებში ჩვენ შესაძლოა ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას”, - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტი მხოლოდ ლიბანში „ჰეზბოლით“ არ შემოიფარგლება.
„ეს ფრონტი ჩამოყალიბდა მთელ რეგიონში, რათა შეინარჩუნოს ერების დამოუკიდებლობა და დაუპირისპირდეს სიონისტური რეჟიმის მხრიდან აგრესიას“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.