პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ანჯეი დუდამ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ ელოდება საბოლოო შედეგებს, რადგან დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს. დუდა იმედოვნებს, რომ არჩევნების პასუხები ხვალ, დაახლოებით შუადღისას გახდება ცნობილი. პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების 41.1%-ია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, 29,62 პროცენტით ქვეყნის მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს. მეორე ადგილზე დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმაა“, რომელსაც, პირველადი მონაცემებით, 27.1% აქვს. ბარიერი ასევე პარტიებმა „მესამე გზა“, მემარცხენეებმა და პარტია „კონფედერაციამ“ გადალახეს.