თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მარინე ცერცვაძემ განმარტა, რომ პროკურატურის არგუმენტები მიიჩნია სარწმუნოდ და პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სხდომაზე ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ასევე მოწმეებზე წვდომა.
აღნიშნულს არ დაეთანხმა ადვოკატი. არჩილ დვალიშვილის თქმით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000 - ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მიუხედავად იმის რომ ბრალდებულებს აღიარებითი ჩვენება აქვთ მიცემული, პროცესზე სიტყვის თქმით არ უსარგებლიათ.
საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედება.
გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით, ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა, თუმცა, 27 წლის კაცის ნათესავებმა პოლიციას არ შეატყობინეს.
შეგახსენებთ, პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლული აითაჯ შახმანოვას დედა და კიდევ ერთი ბიძა - მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.