2023 წლის მსოფლიო თასზე ნახევარფინალური წყვილები შედგა. რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ფიჯი 30:24 დაამარცხა და ტურნირის მესამე ნახევარფინალისტი გახდა.
მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ინგლისელებმა კარგად დაიწყეს და 14 წუთის შემდეგ 8:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ფიჯიმ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა, ხოლო ინგლისელებმა გარდასახული ლელოთი 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. 28-ე წუთზე თავისი ლელო ფიჯიმაც დადო, თუმცა ინგლისმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 21:10 გავიდნენ.
მეორე ტაიმში ევროპელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, თუმცა კუნძულელები არ გატყდნენ. 64-ე და 68-ე წუთებზე ფიჯიმ ორი ლელო დადო, ორივე გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა – 24:24.
გადამწყვეტი შეტევა ინგლისის ნაკრებმა 72-ე წუთზე განახორციელა, მეტოქის ჩათვლის მოედანს მიუახლოვდა და არეკნით ოუენ ფარელმა თავისი გუნდი 27:24 დააწინაურა. ფარელმა მატჩის ბოლოსაც მოახერხა ჯარიმის გატანა თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
ბოლო მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 28:29 დამარცხდა.
საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო. პირველი ლელო ფრანგებმა მე-4 წუთზე გაიტანეს, თუმცა მე-18 წუთისთვის სამხრეთაფრიკელებს უკვე ორი ლელო ჰქონდათ დადებული და 12:7 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ გუნდებმა ჯამში კიდევ სამი ლელო დადეს, საბოლოოდ კი პირველი ტაიმი საფრანგეთმა 22:19 მოიგო.
მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყო. პირველი ქულები ისევ საფრანგეთმა მოიპოვა, 54-ე წუთზე ჯარიმის გატანა ტომა რამომ მოახერხა და თავისიანები 6 ქულით გაიყვანა წინ. მატჩის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა, როცა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძალიან გააქტიურდა და მეორეხაზელმა ეთზებეთმა ლელო დადო, რომელიც ანდრე პოლარდმა გარდასახა. 69-ე წუთზე პოლარდმა ჯარიმაც გაიტანა და სამხრეთ აფრიკა 4 ქულით გავიდა წინ. მატჩის უკანასკნელი ქულები ფრანგმა, ტომა რამომ აიღო და თავისი გუნდის ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, თუმცა საფრანგეთმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.
შედეგად, ცნობილია, რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასის ფინალში გასასვლელად. სამხრეთ აფრიკის მეტოქე ინგლისი იქნება, ხოლო არგენტინა ახალ ზელანდიას შეხვდება. მატჩები 20 და 21 ოქტომბერსაა ჩანიშნული.