ომის მეათე დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს, ღაზაში კი 2400-ს გადააჭარბა. ისრაელის ჯარი ღაზას საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. გასულ ღამეს ღაზაზე ათობით სარაკეტო იერიში განხორციელდა. პარალელურად, ღაზას სრული ბლოკადაც გრძელდება, ქალაქს არ მიეწოდება საწვავი, წყალი და საკვები. გაეროში აცხადებენ, რომ თუ 24 საათში ღაზას საავადმყოფოებში საწვავის მარაგი ამოიწურება, ათასობით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ორგანიზაცია ისრაელს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების შეშვებისკენ მოუწოდებს. ისრაელმა ღაზას მოსახლეობას ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზა უკვე 500-ი ათასმა ადამიანმა დატოვა.