აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განუცხადა. მან რამდენიმე სატელიტური ფოტო წარადგინა, რომლებიც იარაღის გადაცემის ფაქტს ადასტურებს. კირბის თქმით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა შეიარაღება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ერთ-ერთ პორტში ჩაიტანა, საიდანაც რკინიგზით რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრისკენ გადაიტანეს. ვაშინგტონის მონაცემებით ეს 7 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე მოხდა. არსებული ინფორმაციით, საუბარია ათასზე მეტ კონტეინერზე იარაღითა და საბრძოლო მასალით. კირბის განცხადებით, აშშ გმობს რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას, რომელიც უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის გამოიყენება.